17 იანვარს, 14:00 საათზე, რუსთავში, N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავებული ჟურნალისტის, "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ავრცელებს.
"მეგობრებო, ხვალ მზიას ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ. ბევრი უნდა ვიყოთ, რომ ჩვენმა მხარდაჭერამ ციხის სქელ და ყრუ კედლებში შეაღწიოს. თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ხვალ, პარასკევს, 17 იანვარს, 14:00 საათზე, რუსთავში, N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებასთან, ჟურნალისტები, მედიის პროფესიული და უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები რუსული რეჟიმის მიერ, უკანონოდ დაპატიმრებული ჩვენი კოლეგის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად აქციას გავმართავთ". - წერს მთივლიშვილი.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. პირველად იგი დააკავეს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დაკავებიდან მალევე ხელახლა დააკავეს.
2025 წლის 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მზია ამაღლობელის საქმეზე პირველი წარდგენის სხდომა. მზია ამაღლობელს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე წარუდგინა და ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.
მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი სახის - პატიმრობის გამოყენების შესახებ და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. საქმეზე შემდგომი სხდომა 4 მარტს ჩაინიშნა.
ფოტო: მზია ამაღლობელი