გერმანიის ყოფილ კანცლერს ანგელა მერკელს მიაჩნია, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით მისი განტევების ვაცად გადაქცევა სურთ 2008 წლის ნატო-ს სამიტზე მისი პოზიციის გამო, როდესაც მან ხელი შეუშალა კიევს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღებაში. ამის შესახებ მერკელმა Spiegel -თან ინტერვიუში განაცხადა.
მერკელს ჰკითხეს, აქვს თუ არა განცდა, რომ 2008 წლის ნატო-ს სამიტზე მისი პოზიციის გამო რუსეთ-უკრაინის ომის გამო განტევების ვაცად აქცევდენ.
„მაგალითად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოგვიწოდა მე და საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს სარკოზის, ჩავსულიყავით ბუჩაში საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, რაც აშკარად გულისხმობდა, რომ ჩვენი პოზიცია ბუქარესტში იყო პასუხისმგებელი ბუჩაში დაღუპულების გამო“, - თქვა მერკელმა.
მან აღნიშნა, რომ "აღფრთოვანებულია ზელენსკით მისი გამბედაობითა და მონდომებით" ომის თითქმის სამი წლის განმავლობაში, მაგრამ არ ეთანხმება მას ბუქარესტთან დაკავშირებით.
„მე ვაფრთხილებდი ისევ და ისევ, მათ შორის 2008 წელს ბუქარესტში: პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიიჩნევს და, რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ ამ თვალსაზრისს.
აქედან მას გამოაქვს დასკვნები, რომ არსებობს ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთისთვის და ცდილობს, სადაც ეს შესაძლებელია, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები კონტროლის ქვეშ შეინარჩუნოს, რაც იწვევს კონფლიქტებს. მართალი ვიყავი ჩემს სიფრთხილეში. იმიტომ, რომ პუტინი საქართველოში ჯერ კიდევ 2008 წელს შეიჭრა“, - განაცხადა მერკელმა.
შენიშვნაზე, თუ რატომ არ გამოიტანა მერკელმა დასკვნები, თუ ასე ნათლად იცოდა, რა შეუძლია პუტინს, მან უპასუხა, რომ დასკვნები გამოიტანა.
„ჩემი აზრით, აუცილებელი იყო რუსეთთან კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მცდელობა. ამავდროულად, ჩვენ გავაძლიერეთ შეკავების პრინციპიც...
2014 წლის ნატო-ს უელსის სამიტზე დასახული იყო მიზანი, რომ ყველა ქვეყანამ დახარჯოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2% თავდაცვაზე“, - განაცხადა მერკელმა.
კრიტიკის საპასუხოდ, რომ მერკელმა ეფექტურად არ შეუშალა ხელი პუტინის აგრესიას, გააძლიერა გერმანიის თავდაცვა, არ მიაწოდა უკრაინას იარაღი ან არ უზურუნველყო რუსულ გაზზე გერმანიის დამოკიდებულების ჩამოშორება, ყოფილმა კანცლერმა უპასუხა, რომ „დღეს ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი დავიწყებულია“.
მაგალითად, ის, რომ უკრაინა და პოლონეთი რუსული გაზის მათი ტერიტორიით იმპორტისა და თანხების მიღების ფუნდამენტურად წინააღმდეგი არ იყვნენ .
ინტერვიუში მერკელმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი არ აპირებდა უკრაინაზე თავდასხმას მისი პრეზიდენტობის დასაწყისში და მისი გეგმა წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, მათ შორის დასავლეთის ქცევის გათვალისწინებით.