დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედართან ოკუპანტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხუთი ტყვე ჯარისკაცი დახვრიტეს. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. იუწყება „უკრაინსკა პრავდა“.
დონეცკის ოლქის პროკურატურის თანახმად, ოპერატიული მონაცემებით, 2 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები ქალაქ უგლედართან უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შეიჭრნენ.
შეტევის დროს ოკუპანტებმა 5 უიარაღო უკრაინელი სამხედრო ტყვედ აიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი ტყეში მოკლეს, ოთხი კი იარაღის მუქარით გზაზე გაიყვანეს, სადაც დახვრიტეს.
„სამხედრო ტყვეების მკვლელობა ჟენევის კონვენციების უხეში დარღვევაა და კლასიფიცირებულია როგორც სერიოზული საერთაშორისო დანაშაული.
მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო (სამძებრო) მოქმედებები, მომხდარის ყველა გარემოების დადგენის მიზნით“, - აღნიშნავს პროკურატურა.