აბსოლუტურად მთელი სახელმწიფო გახდა ერთი პარტია და ერთი პარტია ერთი ვერტიკალის ქვეშ, ამას რა ჰქვია? რუსეთი - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში, მთავარი არხის ეთერში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა. მდინარაძემ თქვა, რომ ქართული ოცნება წინა ორი საპრეზიდენტო კანდიდატის ფონზე შეეცდება, "სერიოზული ხარვეზი" აღმოფხვრას და ისეთ კანდიდატს დაასახელებს, რომელიც "თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს".
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტისგან არის მოთხოვნა, რომ იყოს სრულად დამოკიდებული.
"მოთხოვნა პრეზიდენტისგან არის ის, რომ იყოს სრულად დამოკიდებული, როგორიც არის ანტიკორუფციული სააგენტო, როგორიც არის პროკურატურა, როგორიც არის ცენტრალური ბანკი, ყველა სარეგულაციო კომიტეტი. აბსოლუტურად მთელი სახელმწიფო გახდა ერთი პარტია და ერთი პარტია ერთი ვერტიკალის ქვეშ. ამას რა ჰქვია? რუსეთი". - თქვა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან ახლანდელ მოცემულობაში ყველა უფლება არის უკვე დარღვეული და ასეთ ვითარებაში ქვეყანა, სავარაუდოდ, იზოლაციაში აღმოჩნდება.
"ყველა უფლება არის უკვე დარღვეული, აიღეთ კონსტიტუცია და წაიკითხეთ, მე მაბრალებენ, რომ კონსტიტუციას არღვევსო, ყველა ის ძირითადი უფლება, რითაც თავი მოჰქონდა კობახიძეს, რომ მე დავწერე ეს კონსტიტუციაო. ყველა უფლება დღითიდღე ირღვევა, თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი შეკრების, უნივერსიტეტის დამოუკიდებლობა, რექტორი გახდა სრულყოფილად მათი დაქვემდებარებული, პოლიცია შედის უნივერსიტეტში. ამ ქვეყნის მიმართ, როგორ გგონიათ, იქნება უცხოეთის აღიარება? არ მოხვდება ეს ქვეყანა იზოლაციაში?" - თქვა ზურაბიშვილმა.