უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები ომის დასრულების მიზნით ტერიტორიული საკითხის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ, თუმცა ამ საკითხზე გადაწყვეტილება, მისი თქმით, სახელმწიფოთა ლიდერების დონეზე უნდა მიიღონ.
ამის შესახებ ზელენსკიმ დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, აშშ-ის წარმომადგენლები მოლაპარაკებების დროს დონბასის საკითხს რეგულარულად აყენებენ.
„რა თქმა უნდა, ისინი ამ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას. მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ჩვენ ჩვენი ტერიტორია უნდა დავთმოთ. ჩვენს ქვეყანასთან დამოუკიდებლობის საკითხზე ამგვარად საუბარი შეუძლებელია. ისინი ამ საკითხის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტის მოძებნას ცდილობენ. სხვადასხვა წინადადების შესახებ მსმენია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ამ ვარიანტების დეტალებზე საუბარს არ აპირებს, რადგან თითოეულის განხილვას შესაძლოა საათები დასჭირდეს.
„თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, სურს თუ არა ამერიკულ მხარეს რუსებზე ზეწოლის განხორციელება. ეს ასევე დამოკიდებულია რუსეთთან მათი დიალოგის ფორმატზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თუ ასეთი რთული და მგრძნობიარე საკითხების მოგვარების სურვილი არსებობს, მათზე საუბარი აუცილებელია.
„ჩვენ მხოლოდ განხილვით არ უნდა შემოვიფარგლოთ, ეს საკითხები უნდა გადავწყვიტოთ კიდეც და ამის შესახებ ლიდერების დონეზე უნდა ვისაუბროთ. თუმცა, ამისთვის საჭიროა ამერიკული მხარისგან დადებითი სიგნალები და რუსეთის მხრიდანაც მხარდაჭერა, მათი მონაწილეობით“, - განაცხადა ზელენსკიმ.