ტაივანმა უარყო ჩინეთის მიერ შემოთავაზებული მოდელი "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა", რომელსაც პეკინი განიხილავს, როგორც "მშვიდობიანი გაერთიანების" საფუძველს. ამის შესახებ განცხადება ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლემა, ჯოან ოუმ 11 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მხოლოდ ტაივანის ხალხს შეუძლია, საკუთარი მომავალი განსაზღვროს", - თქვა მან.
ამავდროულად, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ჩინეთი ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტს იყენებს იმისათვის, რომ გაანადგუროს არსებული სტატუს კვო და შექმნას ახალი ნორმა ტაივანელი ხალხის დასაშინებლად.
ტაივანისთვის ამ მოდელის შეთავაზების შესახებ წინადადება მოცემული იყო "თეთრ წიგნში", რომელიც ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ 10 აგვისტოს გამოაქვეყნა.
"თეთრ წიგნში" ჩინეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გამოიყენოს სამხედრო ძალა თვითმართველი ტაივანის კონტროლის ქვეშ მოქცევისთვის.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "პეკინი იმუშავებს მაქსიმალური ღიაობით და ყველა ღონეს იხმარს, რათა მიაღწიოს მშვიდობიან გაერთიანებას".
"თუმცა ჩვენ არ ვიტყვით უარს ძალის გამოყენებაზე და ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ ყველა საჭირო ზომა. ეს აუცილებელია გარე ჩარევისა და ნებისმიერი სეპარატისტული აქტივობისგან თავის დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.
პეკინის შეთავაზებული მოდელი "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" მანამდე ჰონგ კონგსა და მაკაოში გამოიყენეს, რომელთაც ჩინეთის იურისდიქციის ქვეშ მოხვედრის შემდეგ დაჰპირდნენ სპეციალურ ადმინისტრაციულ სტატუსს ფართო ავტონომიით. თუმცა, პეკინი არაერთხელ დაადანაშაულეს ჰონგ კონგთან მიმართებას "ერთი ქვეყანა, ორის სისტემის" მოდელის ძირის გამოთხრაში.
დაძაბულობამ რეგიონში იმატა მას შემდეგ, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, ჩავიდა.
ჩინეთმა ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ტაივანის გარშემო დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნები. ამავდროულად, პეკინმა აშშ დაადანაშულა ტაივანზე ჩინეთს სუვერენტიტეტის ეჭვქვეშ დაყენებაში და შეაჩერა ვაშინგტონთან მაღალი დონის მოლაპარაკებები კლიმატის დაცვისა და სამხედრო სფეროში.
ტაივანის თქმით, ჩინეთი სამხედრო წვრთნებს "შეჭრისთვის მოსამზადებლად" იყენებს.
"ერთი ქვეყანა, ორი სისტემა - გულისხმობს ადმინისტრაციულ მოწყობას, რომლის მიხედვითაც ყოფილ კოლონიურ ტერიტორიებს (ჰონგ კონგი, მაკაო და ტაივანი) უნდა ჰქონდეთ საკუთარი ეკონომიური და პოლიტიკური სისტემა, იურისდიქცია, დამოუკიდებელ ფინანსური სისტემა და ა.შ.