ჩინეთის ხელისუფლება შეერთებულ შტატებთან აჩერებს ან წყვეტს დიალოგს რამდენიმე სფეროში, ტაივანში წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ვიზიტის გამო. იტყობინება გამოცემა Bloomberg-ი.
გავრცელებული ცნობით, ჩინეთი წყვეტს აშშ-სთან მაღალი დონის სამხედრო დიალოგს, სამუშაო შეხვედრებს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან საზღვაო უსაფრთხოების საკითხებზე.
ამასთან, ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა დიალოგი აშშ-სთან კლიმატის საკითხებზე, თანამშრომლობა დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე, სამუშაო შეხვედრები არალეგალური მიგრანტების რეპატრიაციის საკითხებზე, თანამშრომლობა მართლმსაჯულების სფეროსა და ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე.
ამავდროულად, ჩინეთმა ნენსი პელოსის სანქციები დაუწესა.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ჩინეთის წინააღმდეგობისა და მუქარების მიუხედავად, ტაივანს 2 აგვისტოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სპიკერი პელოსი შეხვდა ტაივანის პრეზიდენტს ცაი ინ-ვენს და სიტყვით მიმართა პარლამენტს.
ნენსი პელოსი ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც კუნძულს ესტუმრა.
პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნები წამოიწყო, რომელიც 7 აგვისტომდე გასტანს.
ტაივანი თავს სუვერენულ სახელმწიფოდ მიიჩნევს, ხოლო ჩინეთი მას განიხილავს, როგორც სეპარატისტულ პროვინციას.