ჩინეთი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს იყენებს, როგორც საბაბს თვითმმართველ კუნძულზე ინტერნვეციის მოსამზადებლად. განაცხადა ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ვუმ.
9 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯოზეფ ვუმ განაცხადა:
"ჩინეთი იყენებს სამხედრო წვრთნებს, ტაივანში შეჭრის მოსამზადებლად. პეკინის რეალური განზრახვა არის, შეცვალოს სტატუს კვო ტაივანის სრუტეში და მთელ რეგიონში".
ჯოზეფ ვუ საერთაშორისო საზოგადოების მიმართ გამოვიდა მოწოდებით, დაიცვან მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეში.
"ჩინეთი აწარმოებს ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს, ახორციელებს რაკეტების გაშვებას, კიბერშეტევებს, დეზინფორმაციულ კამპანიას და ეკონომიკურ იძულებას, რათა ძირი გამოუთხაროს საზოგადოებრივ მორალს ტაივანში", - თქვა მან.
ჩინეთმა ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ტაივანის გარშემო დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნები. ამავდროულად, პეკინმა აშშ დაადანაშულა ტაივანზე ჩინეთს სუვერენტიტეტის ეჭვქვეშ დაყენებაში და შეაჩერა ვაშინგტონთან მაღალი დონის მოლაპარაკებები კლიმატის დაცვისა და სამხედრო სფეროში.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს არ აქვს ოფიციალური კავშირები ტაივანთან, ის არის კუნძულის მთავარი მხარდამჭერი და იარაღის მიმწოდებელი.
დაძაბულობამ რეგიონში იმატა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა სამხედრო წვრთნების გახანგრძლივების თაობაზე განაცხადა. ყველა მოელოდა, რომ წვრთნები 7 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, როგორც ეს მანამდე იყო ცნობილი.
წვრთნების ფარგლებში ჩინეთი რეგულარულად კვეთს მედიანურ ხაზს ტაივანის სრუტეში, არაოფიციალურ სადემარკაციო ხაზს ჩინეთსა და ტაივანს შორის, რომელსაც როგორც წესი, არც ერთი მხარე არ კვეთს.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ჩინეთის წინააღმდეგობისა და მუქარების მიუხედავად, ტაივანს 2 აგვისტოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სპიკერი პელოსი შეხვდა ტაივანის პრეზიდენტს ცაი ინ-ვენს და სიტყვით მიმართა პარლამენტს.
ტაივანი თავს სუვერენულ სახელმწიფოდ მიიჩნევს, ხოლო ჩინეთი მას განიხილავს, როგორც სეპარატისტულ პროვინციას.