აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა და ტრამპის მხარდამჭერმა, რესპუბლიკელმა მარჯორი ტეილორ გრინმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის კრიტიკამ შესაძლოა მისი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
პარასკევს ტრამპმა განაცხადა, რომ ოფიციალურად უარს ამბობს კონგრესმენ მარჯორი ტეილორ გრინის მხარდაჭერაზე, რომელიც ადრე მისი მოკავშირე და მხურვალე მხარდამჭერი იყო.
გრინმა განაცხადა, რომ მან მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიის დროს და მხარს უჭერს მის ადმინისტრაციას ახლაც და ამიტომ ტრამპის კრიტიკას მის მიმართ შეურაცხყოფად აღიქვამს.
„ყველაზე შეურაცხმყოფელი, რაც მან თქვა და ეს აბსოლუტურად სიმართლეს არ შეესაბამება, ის იყო, რომ მოღალატე მიწოდა. ეს უკიდურესად არასწორია. და სწორედ ასეთ სიტყვებს შეუძლია ჩემს წინააღმდეგ ხალხის რადიკალიზაცია და ჩემი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება“, - თქვა მან.
შეკითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ტრამპის განრისხება, გრინმა უპასუხა, რომ საქმე გარდაცვლილი მილიარდერის, ჯეფრი ეპშტეინის გამოძიების მხარდაჭერას უკავშირდებოდა, რომელსაც არასრულწლოვნების სექს-ტრეფიკინგში ადანაშაულებდნენ.
„და ამისთვის ბოდიშს არ მოვიხდი. ვფიქრობ, ქვეყანა იმსახურებს გამჭვირვალობას ამ საკითხებში და არ ვფიქრობ, რომ მდიდარი, გავლენიანი ადამიანები უნდა იყვნენ დაცულნი, თუ რამე არასწორად ჩაიდინეს, - თქვა გრინმა.
ბოლო კვირების განმავლობაში კონგრესმენმა ტრამპი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მისი აზრით, ის საგარეო პოლიტიკაზეა ფოკუსირებული და შიდა დღის წესრიგის წინსვლისთვის საკმარის ძალისხმევას არ მიმართავს.
გრინი ასევე გახდა წარმომადგენელთა პალატის ოთხი რესპუბლიკელიდან ერთ-ერთი, რომელმაც ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროებაზე კენჭისყრას უჭერს მხარს.
ბოლო თვეების განმავლობაში ეპშტეინის საქმემ განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა შეერთებულ შტატებში, რადგან გამოჩნდა მტკიცებულებები გარდაცვლილსა და დონალდ ტრამპს შორის შესაძლო ახლო ურთიერთობის შესახებ, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი საჯაროდ უარყოფს.