აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში იმყოფება, სამშაბათს, 25 ნოემბერს, რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრები განაგრძო.
იქ ასევე იმყოფება უკრაინის დელეგაცია, რომელსაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამმართველოს უფროსი, კირილო ბუდანოვი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ Axios წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეხვედრა მას შემდეგ იმართება, რაც აშშ-მა და უკრაინამ ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე 19-პუნქტიანი ახალი სამშვიდობო შეთანხმება შეიმუშავეს.
დრისკოლის პრესმდივნის, ლეიტენანტ-პოლკოვნიკის ჯეფ ტოლბერტის თქმით, არმიის მდივანი აბუ-დაბიში ორშაბათს ჩავიდა და სამშაბათს, დღის განმავლობაში მოლაპარაკებები გამართა რუს ოფიციალურ პირებთან.
„მდივანი დრისკოლი და მისი გუნდი მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსეთის დელეგაციასთან უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.
მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. დრისკოლი მჭიდროდ თანამშრომლობს თეთრ სახლთან და აშშ-ის უწყებათაშორის ჯგუფთან ამ მოლაპარაკებების პროგრესირების პარალელურად“, - განაცხადა ტოლბერტმა.
წყაროს ცნობით, აბუ-დაბიში იმყოფება უკრაინის დელეგაცია, რომელსაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამმართველოს უფროსი კირილო ბუდანოვი ხელმძღვანელობს და მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც ამერიკულ, ასევე რუსულ ჯგუფებთან.