10 აგვისტოს, ჩინეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გამოიყენოს სამხედრო ძალა თვითმართველი ტაივანის კონტროლის ქვეშ მოქცევისთვის.
აღნიშნული განცხადება გაკეთდა ტაივანი სრუტეში მზარდი დაძაბულობის ფონზე, რაც ყველაზე მაღალია მხარეებს შორის ბოლო წლების განმავლობაში.
განცხადებას, რომელიც ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ტაივანის საკითხთა ოფისმა გაავრცელა, წინ უძღვოდა უპრეცედენტო მასშტაბის წვრთნები ტაივანის სრუტეში, რომლის დროსაც ჩინეთი რეგულარულად იჭრება ტაივანის წყლებსა და საჰაერო სივრცეში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ "პეკინი იმუშავებს მაქსიმალური ღიაობით და ყველა ღონეს იხმარს, რათა მიაღწიოს მშვიდობიან გაერთიანებას".
"თუმცა ჩვენ არ ვიტყვით უარს ძალის გამოყენებაზე და ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ ყველა საჭირო ზომა. ეს აუცილებელია გარე ჩარევისა და ნებისმიერი სეპარატისტული აქტივობისგან თავის დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.
ჩინეთის ძალის დემონსტრირების მცდელობებმა შეაფერხა ამ რეგიონში საჰაერო მიმოსვლა და ტაივანის სრუტის გავლით სავაჭრო ტრანსპორტირება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს გლობალური მიწოდების ჯაჭვისთვის.
დაძაბულობამ რეგიონში იმატა მას შემდეგ, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა.
ჩინეთმა ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ტაივანის გარშემო დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნები. ამავდროულად, პეკინმა აშშ დაადანაშულა ტაივანზე ჩინეთს სუვერენტიტეტის ეჭვქვეშ დაყენებაში და შეაჩერა ვაშინგტონთან მაღალი დონის მოლაპარაკებები კლიმატის დაცვისა და სამხედრო სფეროში.
ტაივანის თქმით, ჩინეთი სამხედრო წვრთნებს "შეჭრისთვის მოსამზადებლად" იყენებს.
ნენსი პელოსი, ჩინეთის წინააღმდეგობისა და მუქარების მიუხედავად, ტაივანს 2 აგვისტოს ეწვია.