შეერთებული შტატების სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტებმა, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.
სანქციები დაუწესდათ რუსეთის ცხრა მოქალაქესა და ორ ორგანიზაციას.
გენერალ კირილ ვასილიევს - ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის კრიმინალისტიკის ინსტიტუტის დირექტორი;
გენერალ-პოლკოვნიკ ალექსეი სედოვს - უსაფრთხოების სამსახურის კონსტიტუციური წყობის დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი;
სტანისლავ მაკშაკოვს - კრიმინალისტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე;
ალექსეი ალექსანდროვსა და ივან ოსიპოვს - კრიმინალისტიკის ინსტიტუტის თანამშრომლები;
გენერალ-მაიორ ვლადიმირ ბოგდანოვს - ფედერალური სამსახურის სპეციალური ტექნოლოგიური ცენტრის დირექტორი;
ვლადიმირ პანიაევს - ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი.
კონსტანტინე კუდრიავცევს - ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის კრიმინალისტიკის ინსტიტუტის თანაშრომელი, რომელიც ვაშინგტონის ცნობით, მონაწილეობდა ნავალნის მოწამვლის საქმეში;
არტურ ჟიროვი - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 27-ე ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის ყოფილ დირექტორს.
სანქციები დაუწესდა ასევე ექსპერიმენტული სამხედრო მედიცინის სახელმწიფო ინსტიტუტსა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის კრიმინალისტიკის ინსტიტუტს.
ცოტა ხნით ადრე, გაერთიანებულმა სამეფომ, ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით სანქციები დაუწესა ეფესბეს 7 თანამშრომელს.
2020 წლის 20 აგვისტოს ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი ტომსკიდან მოსკოვს მიემგზავრებოდა, ცუდად გახდა. თვითმფრინავმა ომსკში საგანგებო დაშვება განახორციელა, ნავალნი ადგილობრვი კლინიკაში მოათავსეს.
22 აგვისტოდან ნავალნი სამკურნალოდ ბერლინში, "შარიტეს" კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მოახერხეს მისი გადარჩენა. ნავალნის ორგანიზმში აღმოაჩინეს მომწამლავი ნივთიერება. დადგინდა, რომ ნავალნი რუსული ნერვული აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამლეს. კრემლმა არაერთხელ უარყო რაიმე სახის მონაწილეობა მის მოწამვლაში.
2021 წლის იანვარში, გერმანიაში მკურნალობის შემდეგ, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, სადაც ის მაშინვე დააპატიმრეს.
მიმდინარე წლის 2 მარტს, ევროკავშირმა, კანადამ და შეერთებულმა შტატებმა ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით, რუსეთს სანქციები დაუწესეს.