„იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილებას ჰქონდა ორი მიზეზე. ერთი იყო რეგლამენტის უხეში დარღვევა და ყველა კვალიფიციური იურისტი თანხმდება იმაზე, რომ რეგლამენტის უხეში დარღვევით იქნა არჩეული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე ბატონო გედევან ფოფხაძე და მეორე პრობლემა იყო გუნდურობა - ეს იყო გუნდში განსახილველი საკითხი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიღებულიყო იმიტომ, რომ არ არსებობს რეგლამენტის თანახმად ინსტანცია, რომელიც დაადგენს კომიტეტში თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის ლეგიტიმურობას.
„აქედან გამომდინარე, ეს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა იმ ინსტანციას, რომელსაც შეეძლო. ეს იყო ამ შემთხვევაში ფრაქცია და ამ ორი მიზეზის გამო იქნა ფრაქციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომიტეტიდან ბატონი გედევან ფოფხაძის გამოწვევის თაობაზე“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლის დაკავშირება მოსამართლეების საკითხთან არის ან ინფორმაციის არქონის შედეგი ან პოლიტიკური სპეკულაცია.
„მე იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ეს იყო ინფორმაციის არ ქონის შედეგი. რაც შეეხება ქალბატონი ეკა ბესელიას გადადგომას, როდის იყო ეს გადაწყვეტილი, რატომ და როგორ, ამაზე ჩვენ ნაწილობრივ გვქონდა უკვე საუბარი და შეგვიძლია უფრო დეტალურადაც ვისაუბროთ საზოგადოების წინაშე. რაც შეეხებ გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლას, ამის მიზეზები უკვე განვმარტეთ. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ ან დაინტერესდით რა იყო მიზეზი და მიიღეთ მეტი ინფორმაცია ან თუ პოლიტიკური სპეკულაციაა, ჯობია პოლიტიკური სპეკულაცია არ განვახორციელოთ. ეს იქნებოდა ჩემი მოწოდება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს 3 იანვარს, „ქართული ოცნების“ ოფისში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სხდომაზე გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ პოსტზე 2018 წლის 31 დეკემბერს აირჩიეს. მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. გედევან ფოფხაძის ამ თანამდებობაზე დანიშვნას საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი არ დაეთანხმა. მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი შეფასებით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს.
საპარლამენტო უმრაველსობაში დაპირისპირება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას მოჰყვა, რის გამოც ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის დანამდებობა დატოვა. თანამდებობა ასევე დატოვა იურიდიული კომიტეტის პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშილმა. ბესელია და მისი მხარდამჭერები უმრავლესობიდან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის სრულად შეცვლას და სიის დაკომპლექტებისთვის კანონმდებლობის გადახედვას ითხოვს. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ის გუნდიდან წასვლას არ აპირებს და ბრძოლას გააგრძელებს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
პარლამენტში სიის გადაგზავნის შემდეგ ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, თანამდებობის დატოვებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი შეაჩერა.
ეკა ბესელიას განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გაუგებარი უწოდა. როგორც მან აღნიშნა, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობიდან გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს. მისი თქმით, ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზი დიდ წილად პარტიის შიდა სამზარეულოა.
ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას გუნდურობაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ეკა ბესელია იმ კავშირზე საუბრობდა, რომელიც არ არსებობს და ეს არ არის გუნდური თამაში. მისივე თქმით, გუნდის ნაწილი იქნება ის, ვინც გუნდის თამაშს თამაშობს.