ჩემთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობიდან გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ლოგიკური საფუძველი აქ რეალურად არ ჩანს.
„ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ამ შემთხვევაში, ეკა ბესელიას განცხადების შინაარსი, რატომ დაუკავშირა მან თავისი გადადგომა ამ ყველაფერს. ანუ ლოგიკური საფუძველი აქ რეალურად არ ჩანს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განმარტებით, მოსამართლეობის კანდიდატების საკითხზე პარტიის თავმჯდომარის მონაწილეობითაც გაიმართა შეხვედრა, სადაც ითქვა, რომ თითოეული კანდიდატი უნდა განხილულიყო ინდივიდუალურად. გარდა ამისა, მისივე თქმით, თავადაც, უკვე გაკეთებული ჰქონდა განცხადება, რომ მოსამართლეების საკითხზე პარლამენტი მიმდინარე წელს აღარ იმსჯელებდა.
შეგახსენებთ, ეკა ბესელიამ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.