თუ პროცესი ჯანსაღად არ წარიმართება და თუ ცალკეული პირები, რომლებიც ახლები არიან და გამარჯვების მერე მოვიდნენ კომფორტულ გარემოში, სხვა პოზიციას აირჩევენ და მე გადავხედავ ჩემს პოზიციებს შემდეგ, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ის ბრძოლას გააგრძელებს.
„მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ამ პროცესმა ჩვენი ხელისუფლებისთვის არ მიიღოს პოლიტიკურად დამაზიანებელი სახე. ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად და მოზომილად ვეკიდები ყველა ჩემს განცხადებას. მე ვარ მოპასუხის და არა თავდამსხმელის როლში ყველა ჩემი კომენტარის დროს. მე მიწევს ცალკეულ არასწორ გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ მე არა ვარ ის ადამიანი, რომელიც ან სადმე იმალება, ან რამე მოსარიდებელი აქვს და ვინმე შანტაჟის ენით დაელაპარაკება. მე იმ გუნდთან ერთად ვარ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა 2011 წელს და მე დავარეგისტრირე ეს პოლიტიკური პარტია მანანა კობახიძესთან და სხვებთან ერთად. მე ამ გუნდის ღირებულებებსა და იდეალებს ვიცავ დღესაც ამ პოზიციით. ასე რომ, მე ჩემს პრინციპებს არ ვღალატობ, ვაგრძელებ იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. ჩემი შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, როგორი განვითარება ექნება ამ პროცესს. ჯანსაღად წარიმართება პროცესი და ყველა ერთად შევთანხმდებით, რომ იმ პირობებს ვასრულებთ, რომელიც მოსახლეობას ვუთხარით. თუ ეს ასე არ მოხდება და ცალკეული პირები, რომლებიც ახლები არიან და გამარჯვების მერე მოვიდნენ კომფორტულ გარემოში, სხვა პოზიციას აირჩევენ და მე გადავხედავ ჩემს პოზიციებს შემდეგ. ერთი ვიცი, ბრძოლას გავაგრძელებ“, - განაცხადა ბესელიამ.