"ქართულ ოცნებაში" მიმდინარე საგანგებო სხდომაზე პირველი გადაწყვეტილება მიიღეს. ეკა ბესელიას გმხარდამჭერი გედევან ფოფხაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს. გედევან ფოფხაძეს კომიტეტიდან ფრაქცია „ქართული ოცნება“ გაიწვევს. გედევან ფოფხაძე არ გამორიცხავს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მან ფრაქცია საერთოდ დატოვოს.
„ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დავიკავებ კომიტეტში, ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება, ამის გაპროტესტებას არ ვაპირებ. საკითხი არის არა იმის თაობაზე, ვინ სად იქნება, არამედ ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. მე ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ ყველა საკითხზე, მათ შორის კონკრეტულ საკითხზე”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ 2018 წლის 31 დეკემბერს აირჩიეს. გედევან ფოფხაძის ამ თანამდებობაზე დანიშვნას საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი არ დაეთანხმა. მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი შეფასებით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს.
საპარლამენტო უმრაველსობაში დაპირისპირება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას მოჰყვა, რის გამოც ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის დანამდებობა დატოვა. თანამდებობა ასევე დატოვა იურიდიული კომიტეტის პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშილმა. ბესელია და მისი მხარდამჭერები უმრავლესობიდან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის სრულად შეცვლას და სიის დაკომპლექტებისთვის კანონმდებლობის გადახედვას ითხოვს. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ის გუნდიდან წასვლას არ აპირებს და ბრძოლას გააგრძელებს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
პარლამენტში სიის გადაგზავნის შემდეგ ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, თანამდებობის დატოვებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი შეაჩერა.
ეკა ბესელიას განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გაუგებარი უწოდა. როგორც მან აღნიშნა, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობიდან გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს. მისი თქმით, ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზი დიდ წილად პარტიის შიდა სამზარეულოა.
ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას გუნდურობაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ეკა ბესელია იმ კავშირზე საუბრობდა, რომელიც არ არსებობს და ეს არ არის გუნდური თამაში. მისივე თქმით, გუნდის ნაწილი იქნება ის, ვინც გუნდის თამაშს თამაშობს.