ეს ჩემი გუნდია და არ ვფიქრობ წასვლას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომიტეტის დატოვების გადაწყვეტილების ერთადერთი მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლების დანიშვნის პროცედურა და სია იყო, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა.
„ვინც ეძებს, ან ცდილობს, მოიფიქროს სხვა მიზეზი, მე მგონი, რომ ამით თავად იგდებს უხერხულ მდგომარეობაში თავს. იქვე ჩნდება კითხვა, მათ თავად თქვან, რა არის მიზეზი. ეს გადაწყვეტილება მივიღე ოთხშაბათს და ხუთშაბათს გამოვაცხადე, რადგან ველოდებოდი ზარდიაშვილის განცხადებას, რომელიც დაგვიანდა. განცხადება მივიღე ჩემს ბრიფინგამდე ერთი საათით ადრე. ჩემთვის ამას ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა და არა იმას, ვინ, ვის დაასწრებდა საჯაროდ განცხადების გაკეთებას და იმის თქმას, რომ ეს პროცესი შეჩერდა, არამედ შედეგს. არ ვაპირებ შიდა საკითხებზე საჯაროდ საუბარს, შემიძლია გითხრათ, მხოლოდ ფაქტი, რასაც ვამბობ, ვამბობ გულწრფელად. ვერ ვიტან ტყუილს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.