პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ამჟამად ფრონტზე უპირატესობა უკრაინის მხარესაა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მომავალთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს მიღებული მისი თანხმობის გარეშე.
სიკორსკის თქმით, პარასკევს გამართულმა შეხვედრამ დაადასტურა, რომ რეგიონის ქვეყნები რუსეთის მიმდინარე აგრესიის წინაშე ერთიანობას ინარჩუნებენ.
მისი განცხადებით, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელებას სულ უფრო მეტი ხარჯი და შედეგი მოჰყვება.
„ჩვენ მზად ვართ, კონსტრუქციული წვლილი შევიტანოთ მომავალ ღონისძიებებში, რომლებიც რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას ისახავს მიზნად, ასევე შევუერთდეთ მიმდინარე მოლაპარაკებებს“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სიკორსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ფრონტზე უპირატესობა კიევის მხარესაა და უკრაინის ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე ომის შემდგომი წესრიგის შესახებ საუბარი შეუძლებელია.
მისი თქმით, პოლონეთის მნიშვნელოვანი როლისა და მტკიცე პოზიციის დასტურია „მსურველთა კოალიციის“ სამხედრო წვრთნები, რომლებიც ნოემბერში გაიმართება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინა საკუთარ მომავალზე მოლაპარაკებებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ფონზე, ზეწოლის ქვეშ არ უნდა აწარმოებდეს“.
„უკრაინას მისი თანხმობისა და მოლაპარაკების მაგიდასთან ყოფნის გარეშე ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ მოახვევენ თავს. ისევე, როგორც ევროპის უსაფრთხოება არ შეიძლება გახდეს ისეთი მოლაპარაკებების საგანი, რომლებშიც ჩვენ არ ვმონაწილეობთ.
აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები შესაძლო შეთანხმების პირობების შედეგებს ყველაზე მეტად იგრძნობენ, თუმცა მათ ასევე შეუძლიათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შეფასებაში“, - აღნიშნა სიკორსკიმ.
დღეს, ვარშავაში ბალტიის ზღვის ქვეყნების საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასიც მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის მხარდაჭერა, მოახლოებული ზამთრისთვის ენერგეტიკული დახმარება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება და სამშვიდობო მოლაპარაკებები. მონაწილეებმა ასევე შეათანხმეს პოზიციები აბუ-დაბიში დაგეგმილი უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი შეხვედრის წინ.