დაგვტოვა ხმაურისა და აფიშირების გარეშე მოღვაწე კიდევ ერთმა ეროვნულმა ადამიანმა. 78 წლის ასაკში გარდაიცვალა თამაზ შეროზია — 1973 წელს შექმნილი ნახევრად არალეგალური დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირის „ჩოხოსნები – 1973“-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ემერიტუსი პროფესორი, ცნობილი მეცნიერი და პედაგოგი.
გარდა ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა, თამაზ შეროზია გამორჩეული იყო თავისი თავმდაბლობითა და უანგარო შრომით. იგი პოპულიზმისა და პომპეზურობისგან სრულიად თავისუფალი, უამბიციო და უპრეტენზიო, დაუღალავად ემსახურებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
მისი ცხოვრების ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი, მაგრამ მნიშვნელოვნად სიმბოლური ეპიზოდი უკავშირდება 1973 წელს. იმ წელს ოთხმა მეგობარმა — თამაზ შეროზიამ, ჰენრი კუპრაშვილმა, გიორგი ცხოვრებაძემ და ზურაბ გველესიანმა — ამაოდ სცადეს დავით აღმაშენებლის ზეობის 900 წლისთავის აღნიშვნა ეროვნული სულისკვეთებით, საბჭოთა ოფიციოზისგან დამოუკიდებლად. სტუდენტებს მაშინ არ მიეცათ საშუალება, მოემზადებინათ მეფისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთიც კი, რადგან ეს არ შეესაბამებოდა დამკვიდრებულ იდეოლოგიურ ხაზს („არარუსი მეფეები პატივში არ იყვნენ“).
პროტესტის ნიშნად დაიბადა იდეა — ყოველ 8 თებერვალს ჩოხებში გამოწყობილ მეგობრებს ოჯახებთან ერთად ეზეიმათ დავით აღმაშენებლის ზეობის დღე. იმდროინდელ რეალობაში ჩოხა იყო ეროვნულობისა და წინააღმდეგობის სიმბოლო.
ასე დაიბადა ტრადიცია, რომელიც 52 წელია გრძელდება. სწორედ მაშინ, დავით აღმაშენებლის ზეობის 900 წლისთავზე, ჩაეყარა საფუძველი ეროვნულ მოძრაობაში ნახევრად არალეგალურ გაერთიანებას — დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირს „ჩოხოსნები–1973“ — ჩოხოსანთა პირველ ორგანიზაციულ გაერთიანებას საქართველოში.
კავშირი საბჭოთა უშიშროების თვალის ასახვევად ფორმალურად გამოიყურებოდა, როგორც დავით აღმაშენებლის ზეობის დღის (8 თებერვალი) მოზეიმე მეგობართა წრე. რეალურად კი, წევრები ემოციებისა და ხმაურის გარეშე, კონსპირაციულად საქმიანობდნენ ეროვნული თვითშეგნების გასაღვივებლად: ისინი ამახვილებდნენ ყურადღებას საქართველოს ისტორიის მიჩუმათებულ პერიოდებზე, ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებაზე, ენაში შემოსულ რუსიციზმების წინააღმდეგ ბრძოლაზე, ასევე არალეგალური დისიდენტური ლიტერატურის („ოქროს საწმისი“, „მოამბე“, სოლჟენიცინი“ და სხვ.) გავრცელებაზე.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც, თამაზ შეროზია და მისი თანამებრძოლები დაუღალავად ემსახურებოდნენ სამშობლოს — თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის რთულ გზაზე, გლობალიზაციის პირობებში ეროვნული იდენტობისა და მეობის შესანარჩუნებლად.

კავშირის წევრები მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ საკუთარი ღვაწლისა და საქმიანობის აფიშირებას, რადგანაც, როგორც თამაზ შეროზიას უყვარდა თქმა „სამშობლოს საქმე სჭირდება და არა ხმაური“.

დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირისთვის თამაზ შეროზიას გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია — განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ განელებულა თანადამფუძნებლის გიორგი ცხოვრებაძისა და წევრის ჯუმბერ ლეჟავას დაკარგვით გამოწვეული ტკივილი.
ჰენრი კუპრაშვილი, ზურაბ გველესიანი, ოთარ შონია