დღეს, 25 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად წირვას აღავლენს.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო.
წირვის დასრულების შემდეგ, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე განსვენებული პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო.
როგორც ცნობილია, 28 აპრილს გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს გამოარჩევენ. ამ სამი კანდიდატიდან ერთ-ერთს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე პატრიარქად აირჩევენ.
გაფართოებული კრება უნდა ჩატარდეს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა. გაფართოებული კრება, ისევე როგორც სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.