აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეაში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი დღეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, ლი ჯე მიუნგს შეხვდება და აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) აღმასრულებელი დირექტორების სამიტზე სიტყვით გამოვა.
იაპონიიდან კორეაში მიმავალ Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა, ჩრდილოეთ კორეის მიერ წინა დღეს განხორციელებული ფრთოსანი რაკეტების გამოცდის კომენტირებისას, განაცხადა, რომ „მათ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს“.
„კიმ ჩენ ინი ათწლეულების განმავლობაში უშვებდა რაკეტებს და ახლა კიდევ ერთი გაუშვა. ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ოდესმე შევხვდები, მაგრამ ახლა, როგორც ყოველთვის, მას დატვირთული გრაფიკი აქვს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, შეხვდება თუ არა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ამჟამინდელი აზიური ტურნეს ფარგლებში, ტრამპა აღნიშნა:
„არ ვიცი. ვფიქრობ, მათ [ფხენიანში] ეს სურთ და მეც ასე მინდა, მაგრამ ახლა ჩემი ყურადღება ჩინეთზეა გადატანილი. ხვალ ჩვენ შევხვდებით პრეზიდენტ სი ძინპინს და სწორედ ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკასთან უახლოეს მომავალში გაიმართება.“
სამხრეთ კორეის ქალაქ გიონგუჯიში ტრამპის დღევანდელი ვიზიტისა და 1-2 ნოემბერს დაგეგმილი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფორუმის სამიტის გამო უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.
აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ჩატარების ადგილისა და მიმდებარე სასტუმროების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თითქმის 20 000 ადამიანი, დრონების საწინააღმდეგო სისტემებითა და ჯავშანტექნიკით იქნება განლაგებული.