დღეს, 1 მარტს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამუშაო ვიზიტით ლიტვის კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია ეწვევა. ამის შესახებ საჯარო რეესტრის პრესცენტრი იუწყება.
პრესცენტრი განცხადებით, ვიზიტის მიზანია ორ ორგანიზაციას შორის გამოცდილების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. საჯარო რეესტრის წარმომადგენლები ლიტველს სტუმრებს გააცნობენ სააგენტოს საქმიანობას, გატარებულ რეფორმებს, ქონების რეგისტრაციის გამარტივებულ პროცედურებს და ახალ ელექტრონულ სერვისებს. ლიტველი სტუმრები კი ქართველ კოლეგებს წარუდგენენ მოხსენებას რეგისტრაციის ლიტვურ მოდელთან დაკავშირებით.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს, ადგილზე დაათვალიერებენ მოქალაქეთა მომსახურების დარბაზს, სკანირების ცენტრს, სარეზერვო სისტემას, გაეცნობიან სააგენტოს მიღწევებს ჯი-აი-ეს ტექნოლოგიების დანერგვაში.
ვიზიტი 3 მარტს დასრულდება.