ყალბი რეცეპტის გაცემაში ბრალდებულმა ექიმმა მაია კოხტაშვილმა, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, საპატირო დატოვა.
ინფორმაციას და ფოტოს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ავრცელებს.
საპატიმრო გირაოს თანხა, 50 ათასი ლარი ექიმს მოქალაქეებმა შეუგროვეს.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო დღეს შეუფარდა. ბრალდებულ ექიმს სასამართლომ დაავალა, ორ კვირაში ერთხელ შესაბამის ორგანოში გამოცხადდეს, აეკრძალა საქართველოს საზღვრის გადაკვეთაც.
მაია კოხტაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, მას ედავებიან, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.