დღეს, 20 ივლისს, სს "ქობულეთის სამედიცინო ცენტრში" უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩატარდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურების მიღება დილის 10:00 საათიდან შეეძლებათ.
კონსულტაციებს და გამოკვლევებს "ქობულეთის სამედიცინო ცენტრის", „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის" და ჯანმრთელობის ცენტრი „მედინას" წამყვანი სპეციალისტები ჩაატარებენ. პედიატრის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის, კარდიოლოგის, ექოსკოპისტის, გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის, ნევროპათოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ალერგოლოგის, დერმატოლოგის, ოკულისტის და რევმატოლოგის სამედიცინო მომსახურების მიღება მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლება.
უფასო სამედიცინო გამოკვლევებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მინისტრის მოადგილეები დაესწრებიან.
სს "ქობულეთის სამედიცინო ცენტრი" ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს ბაზაზე ფუნქციონირებს. სამედიცინო კოლექტივს შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 19 აპრილს გადასცა. სამედიცინო დაწესებულებაში პოლიკლინიკურმა ნაწილმა ფუნქციონირება 22 აპრილს დაიწყო. გაიხსნა კლინიკურ-დიაგნოსტიკური კაბინეტი, ქალთა კონსულტაცია და მიმღები განყოფილება.
სამინისტროს ინფორმაციითვე, უახლოეს დღეებში მუშაობას დაწიყებს თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სამეანო გინეკოლოგიური განყოფილება.
მიმდინარეობს ნეიროქირურგიული, ქირურგიული და თერაპიული განყოფილებების მოწყობა. კლინიკა დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით.
მასალის გამოყენების პირობები