II პოლიპროფილური კონფერენცია სახელწოდებით: „კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები" სასტუმრო „ოაზისში" გუშინ გაიხსნა. კონფერენციას აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
კონფერენციის მიზანია, ქვეყანაში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის თემატიკა მოიცავს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში (ICD10; ICPC2) შემავალ სიმპტომებს, სინდრომებს და ნოზოლოგიებს, ასევე, ლაბორატორიული მედიცინის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის იმ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია პრაქტიკული მედიცინისთვის.
ფორუმზე წარმოდგენილია სამედიცინო და კოსმეტოლოგიური ცენტრების, ფარმაცევტული კომპანიების პროდუქცია, ინოვაციები და პროგრამები.
კონფერენცია 21 ივლისს დასრულდება, 16 ივლისს მონაწილეები ხარისხიანი სამედიცინო განათლების საკითხებს საქართველოს განათლების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ.