ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა ადასტურებს, რომ 1991 წლის ნოემბერში არსებობდა კრემლიდან შეკვეთა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადება სიგუამ დღეს პარლამენტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც საკითხი კომისიის წევრმა ბეჟან ხურციძემ დასვა.
როგორც ხურციძემ განაცხადა, მას აქვს ინფორმაცია, რომ 1991 წლის შემოდგომაზე თბილისის ზღვაზე კიტოვანი შეხვდა რუსეთიდან ჩამოსულ პირს, რომელმაც კიტოვანს კრემლის დანაბარები გადასცა.
ხურციძე დაინტერესდა სიგუა ფლობდა თუ არა ამ ინფორმაციას და თავადაც ხო მარ ესწრებოდა აღნიშნულ შეხვედრას.
სიგუა აღნიშნავს, რომ შეხვედრას პირადად იგი არ დასწრებია, თუმცა ინფორმაციას ფლობს და ადასტურებს, რომ ეს შეხვედრა ნამდვილად შედგა 1991 წლის შემოდგომაზე დახლოებით ნოემბრის ბოლოს. ამასთან, სიგუა იმასაც აცხადებს, რომ ეს პირი კიტოვანს არა კრემლის, არამედ შევარდნაძის დავალებით შეხვდა.
რაც შეეხება შეხვედრის თემას, სიგუას ინფორმაციით შევარდნაძეს ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია სურდა და იგი სთავაზობდა კიტოვანს, რომ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ დაექირავებინათ "ქილერი" და მოეკლათ გამსახურდია. თუმცა სიგუა აღნიშნავს, რომ კიტოვანმა მას ამაზე უარი უთხრა.
მისივე ინფორმაციით, უკვე დეკემბერ-იანვარში, როდესაც მხარეები თბილისის ომის დროს ზვიად გამსახურდია თავის მომხრეებთან ერთად პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, პარლამენტიდან გასვლის საშუალება მას სწორედ კიტოვანმა მისცა, რომლის ბრძანებითაც გაიხსნა დერეფანი და გამსახურდიამ დასავლეთ საქართველოში გადასვლა შეძლო.
სიგუას თქმით, რომ არა კიტოვანის ეს გადაწყვეტილება, გამსახურდია პარლამენტის შენობიდან ვერ გავიდოდა და გასვლის შემდეგაც მას ნებისმიერ მომენტში დაიჭერდნენ.