რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იარაღის ექსპორტიორ ქვეყნებს მათ "ისეთ ქვეყნებში გაგზავნისგან თავის შეკავებას ურჩევს, სადაც სიმშვიდე არაა".
"რუსეთს საკუთარი ქმედებებით საერთაშორისო შეთანხმებები არასდროს დაურღვევია და იარაღის ექსპორტით რეგიონი საფრთხის ქვეშ არ დაუყენებია, თუმცა სანაცვლოდაც იგივეს მოვითხოვთ. იმედი გვაქვს ამ საკითხს ასეთივე გაგებით მოეკიდებიან ის ქვეყნები, რომლებიც იარაღის ექსპორტს ახდენენ. საქმე ეხება არა მხოლოდ თავდაცვით იარაღს, არამედ იმ იარაღსაც, რომლითაც რუს სამშვიდობოებს კლავდნენ", - განაცხადა ლავროვმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონთან შეხვედრისას.
მისივე განმარტებით, არ შეიძლება იარაღის გაგზავნა ისეთ ქვეყნებში, სადაც სიმშვიდე არ არის.
"ჩვენ კარგად უნდა დავფიქრდეთ რა პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ როცა იარაღის ექსპორტს ვეწევით. იქნება ეს ახლო აღმოსავლეთი, ლათინო ამერიკა თუ კავკასია. არ შეიძლება იარაღის გაგზავნა ისეთ ქვეყნებში, სადაც არ არის სიმშვიდე. ეს სიტუაციის კიდევ უფრო დესტაბილიზაციას გამოიწვევს", - განმარტა ლავროვმა.