ესპანეთში ტყის ხანძრებმა დაახლოებით 77 ათასი ჰექტარი გაანადგურა, რამაც ქვეყნის სამ პროვინციაში - ავილაში, მადრიდსა და ტოლედოში დაახლოებით 90 ათასი ადამიანის ევაკუაცია ან გადაადგილების შეზღუდვა გამოიწვია.
ამის შესახებ სააგენტო EFE იუწყება.
ხანძრების შედეგად ავილაში, მადრიდსა და ტოლედოში 59 896 ადამიანი ევაკუირებულია, ხოლო 29 867 ადამიანს გადაადგილება შეზღუდული აქვს.
სამაშველო სამსახურების განცხადებით, ვითარება უმჯობესდება, თუმცა მეხანძრეები კვლავ „ძალიან რთულ საათებს“ გადიან მას შემდეგ, რაც ცეცხლმა 77 ათასი ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა.
ამჟამად ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს კასტელიონის პროვინციაში გაჩენილი ხანძარი, რომლის ლოკალიზებაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ცეცხლი უკვე 4 300 ჰექტარს მოედო. ხანძრის ჩაქრობაში პროვინციაში მონაწილეობს 450-ზე მეტი მაშველი და დაახლოებით 20 საჰაერო ტექნიკა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესი ავილის პროვინციის ქალაქ ნავალუენგაში, საგანგებო შტაბის მონახულებისას განაცხადა, რომ ავილაში, მადრიდსა და ტოლედოში ხანძრების ჩაქრობის მიმართულებით ვითარება „ძალიან პოზიტიურად“ ვითარდება და ცეცხლის ზოგიერთი კერა უკვე „სტაბილიზებულია“.
„მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრეები ძალიან რთულ პირობებში მუშაობენ, ამჟამად გრძელდება მუშაობა იმ ცალკეული მონაკვეთების ლოკალიზებაზე, სადაც ხანძრები, სავარაუდოდ, უკვე კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადა სანჩესმა.