რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც რუმინეთის გამანადგურებლებმა ბოლო სამი დღის განმავლობაში ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი უკვე მესამე დრონი ჩამოაგდეს.
ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ცოიუმ აღნიშნა, რომ რუსეთისადმი რუმინეთის დიპლომატიური პროტესტი დრონების შეჭრის გამოძიების შედეგებს დაეფუძნება.
„დაუშვებელი და მიუღებელია, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას, რომელიც ამავდროულად ნატოსა და ევროკავშირის საჰაერო სივრცეც არის. ასეთი ქმედებები მიუღებელია და მათ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად მაქსიმალური სერიოზულობით ვეკიდებით“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
„ამ განმეორებითი დარღვევების გამო რუსეთის ფედერაციის ელჩი რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს“, - განაცხადა ოანა ცოიუმ.
მანამდე, რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ კვირას ქვეყნის საჰაერო სივრცეში კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდეს. მისი თქმით, ეს ბოლო სამი დღის განმავლობაში უკვე მესამე მსგავსი ინციდენტია.