უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 1700 უპილოტო საფრენი აპარატი, 1630-ზე მეტი მართვადი ავიაბომბი და 95 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა, რომელთა ნახევარზე მეტი ბალისტიკური იყო.
ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა.
„ყოველდღიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა ჩვენს სამხედროებს ამ დარტყმების მოსაგერიებლად ყველა საჭირო საშუალება ჰქონდეთ. აუცილებელია, ჩაიშალოს რუსეთის გათვლა ბალისტიკურ ტერორზე. სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი, რომ ანტიბალისტიკური თავდაცვის პაკეტები დროულად მიეწოდოს უკრაინას. თითოეული რაკეტა-გადამჭრელი ახლა პირდაპირ ადამიანების სიცოცხლეს იცავს, როდესაც ის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებშია და არა პარტნიორების საწყობებში,“ - წერს ზელენსკი.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის ბოლო თავდასხმების შედეგებზე.
„ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს ხარკოვში, სადაც დრონი საცხოვრებელ სახლებს მოხვდა. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ცხრა დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები აგრძელებენ ხანძრის ლიკვიდაციას კრივი-რიჰში მდებარე სამშენებლო ჰიპერმარკეტში.
ზელენსკის ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 8 რაკეტა და 136 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა.
„სამიზნეების დიდი ნაწილის განადგურება მოვახერხეთ, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა ვერ ჩამოვაგდეთ. დარტყმის ქვეშ მოექცა ხერსონის, დონეცკის, დნიპროპეტროვსკის, ხარკოვის, სუმის, ოდესის, მიკოლაივის, ზაპოროჟიეს, ჩერნიჰივის ოლქები და კიევი. დედაქალაქზე ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული შეტევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.