დღეს, 25 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაცია გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის ინაგურაციაზე დასასწრებად 24 თებერვალს გაემგზავრნენ.
როგორც ბაქრაძემ კიევში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინის ახალ პრეზიდენტთან შეხვედრასაც გეგმავს.
"იქნება შეხვედრები იმ ადამიანებთან, რომლებიც უკრაინის მთავრობაში ახალი ხელისუფლების პირობებში დაიკავებენ ადგილებს. ვგეგმავ შეხვედრას თავად პრეზიდენტ იანუკოვიჩთან არა ინაუგურაციის ოფიციალური ცერემონიის დროს, არამედ იქნება ცალკე ორმხრივად გასაუბრების საშუალება", - განაცხადა ბაქრაძემ.
რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობას, ბაქრაძის განმარტებით, "იმ ურთიერთობის გაგრძელებას, რომელიც საქართველოსა და უკრაინას შორის აქამდე არსებობდა, ხელს ვერავინ შეუშლის".
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ცესკომ 14 თებერვალს, ვიკტორ იანუკოვიჩი ოფიციალურად გამოაცხადა ქვეყნის პრეზიდენტად.