რუსეთის მიერ დროებით ანექსირებულ ყირიმში ავტოგასამართი სადგურები მასობრივად იხურება, მათ შორის მსხვილი ქსელების ობიექტებიც.
ამის შესახებ წერს გამოცემა „კრიმ რეალიი“, რომლის ინფორმაციითაც საწვავის მიწოდების პრობლემების გამო ფუნქციონირება შეწყვიტეს ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა TЭС და ATAN.
წყაროების თქმით, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან რეგიონში საწვავის მიწოდების პრობლემები გრძელდება.
ATAN-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ანონიმურად განაცხადა, რომ ბოლო კვირამდე ზოგი სადგური საწვავის გარეშე მაინც აგრძელებდა მუშაობას, თუმცა ახლა უკვე მათი მასობრივი დახურვა დაიწყო.
მისივე თქმით, თანამშრომლებს ან უხელფასო შვებულებაში უშვებენ, ან ათავისუფლებენ.
მედიის შეფასებით, ყირიმის საწვავის სექტორი დიდ ფინანსურ ზარალს განიცდის, რაც იწვევს ხარჯების შემცირებას და სადგურების ეტაპობრივ დახურვას.
შეგახსენებთ, რუსულმა ავიაკომპანიამ „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ რუსეთის სამხრეთ რეგიონებში ავიასაწვავის სერიოზული დეფიციტი შეინიშნება. მათი განცახდებით, ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს.
მანამდე, ანექსირებულ ყირიმში რამდენიმე დღით სრულად შეიზღუდა ბენზინის გაყიდვა. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს ეძლეოდათ მხოლოდ წინასწარ შეძენილი ტალონებით საწვავის მიღების უფლება, ხოლო ხელისუფლება თითოეულ სადგურზე აკონტროლებდა, არ გადაცილებულიყო ერთ ავტომობილზე 20 ლიტრის ლიმიტი.
ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მათ ამ ეტაპზე არ აქვთ ინფორმაცია, როდის აღდგება ბენზინისა და დიზელის თავისუფალი გაყიდვა, რადგან საწვავის მიწოდების პროცესს რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალები „არეგულირებს“.