რატომ, რისთვის უშვებთ ამდენ ხალხს ციხეში და ვაღრმავებთ პოლარიზაციას? ყველა ქმედებას ხომ უკუქმედება მოჰყვება, ფიზიკის კანონია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს.
გამყრელიძწ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და მას და მის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს.
„ნამდვილად არ მეგონა თუ გამოჩენილ ექიმსა და ცნობილი სამედიცინო დინასტიის წარმომადგენლის, მასთან ერთად გასამართლებული ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომელთა შორის რთული ოჯახური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობებითაც არიან, ასეთი ულმობელი იქნებოდა ქართული სასამართლო.
რატომ, რისთვის უშვებთ ამდენ ხალხს ციხეში და ვაღრმავებთ პოლარიზაციას? ყველა ქმედებას ხომ უკუქმედება მოჰყვება, ფიზიკის კანონია. ხომ შეგვიძლია დავასრულოთ საზოგადოების ასეთი დაყოფა ჩვენიანებად და არაჩვენიანებად, ხომ ყველას გვინდა უკეთესი და ევროპული საქართველო. ამაზე საუბრობდნენ და ასწავლიდნენ მუდამ გოგი და მისი დიდი ოჯახის წევრები, რომლებმაც ექიმთა და მეცნიერთა თაობები გაზარდეს და ზრდიან. რა მაგალითს ვაძლევთ მომავალ თაობებს ამ ქმედებით?
სოლიდარობა, მხნეობა გოგის და მის ოჯახს“, - წერს ამირან გამყრელიძე.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და შვიდივეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.