აჭარის მოსახლეობისათვის თეძოს არტერიის სტენტირება უკვე ხელმისაწვდომია.
სტენტირების პირველი წარმატებული მაგალითი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში დაფიქსირდა. საავადმყოფოში აღნიშნული ქირურგიული ოპერაცია 62 წლის მამაკაცს ჩაუტარდა, რომელსაც ტერფში სისხლის მიმოქცევის დარღვევით გამოწვეული განგრენა აღენიშნებოდა.
როგორც ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ანგიოქირურგმა მერაბ მიქელაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, თეძოს არტერიის სტენტირება ჩატარდა ადგილობრივი ანესთეზიით და ყოველგვარი ქირურგიული მანიპულაციის გარეშე. მსგავს ოპერაციებს საჭიროების შემთხვევაში ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მომავალშიც ჩაატარებენ.
უახლესი აპარატურით აღჭურვილ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში პაციენტებს სრული სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლიათ.