ბრიტანეთის საბჭოსა და მარჯანიშვილის თეატრის ერთობლივი ძალისხმევით ქორეოგრაფიული კომპანია Candoco 2013 წლის 28-29 იანვარს ატარებს ვორქშოფს თეატრებისა და ქორეოგრაფიული კომპანიების წარმომადგენლებისთვის - მმართველებისთვის, პროდიუსერებისთვის, რეჟისორებისთვის, პროფესიონალი da არაპროფესიონალი მოცეკვავეებისთვის, ყველასთვის, ვისაც აინტერესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პროფესიული განვითარებისთვის ხელშეწყობა და მათთან მუშაობა. ვორქშოფები ინკლუზიური ხასიათისაა და ცხადია, გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხელოვანების მონაწილეობას.
ვორქშოფს ჩაატარებენ ქორეოგრაფიული კომპანია Candoco-s წარმომადგენლები უეელი ო'ბრაიენი და ქრის ოუენი.
ბრიტანული ქორეოგრაფიული კომპანია Candoco არის თანამედროვე ცეკვის ლიდერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოცეკვავეებისთვის. კომპანია მაყურებელსაც და მონაწილეებსაც უქმნის შესანიშნავ და სიღრმისეულ გამოცდილებას, რომელიც გვაღელვებს და ამავე დროს აფართოვებს ხელოვნებისა და ადამიანის შესაძლებლობების შესახებ ჩვენს წარმოდგენებს და რომლის ყურადღების ცენტრში საკუთრივ ადამიანი და მასთან თანამშრომლობაა.
კომპანია თანამშრომლობს საერთაშორისო დონის ქორეოგრაფებთან და გვთავაზობს ვრცელ საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის მიზანია ფართოდ ხელმისაწვდომი გახადოს უმაღლესი დონის ქორეოგრაფია.