განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს გოკა გაბაშვილს მიაჩნია, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს, განათლების სფეროში, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის დაძლევა გაუჭრდებათ.
ამის შესახებ მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატი" ლევან ვეფხვაძის პასუხად განაცხადა, რომელმაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რეფორმების გატარების პროცესში, ბავშვების საცდელ კურდღლებად გადაქცევაში დაადანაშაულა.
გაბაშვილის განცხადებით, უმრავლესობა მიეჩვია, რომ ყველაფერი რაც განათლების სფეროში კეთდება, ოპონენტების მიერ თავიდან უაზრო ექსპერიმენტებად ფასდება, ერთი თვის შემდეგ კი, ყველამ უნდა აღიაროს, რომ ნაბიჯი წარმატებული იყო.
,,განათლების სისტემისათვის მთავარია ინოვაციები, რასაც თქვენ უაზრო ექსპერიმენტებს ეძახით. განათლების სფერო არ არის მხოლოდ საპარლამენტო დებატებისთვის, მხოლოდ ვიშვიშისთვის, ეს არის სერიოზული, დიდი სფერო. როცა გამოცდა მიზნად ისახავს ყველაზე ობიექტურ სელექციას, როგორც საშუალო განათლების, დამამთავრებელი კლასების საგამოცდო სისტემის გადახედვის, ისე მისაღები გამოცდების ოპტიმიზაციის კუთხით, კიდევ ბევრია გასაკეტებელი. ამასაც თუ შეიწასვლით, რაღაცას წაიკითხავთ, რაღაცას გადახედავთ, გაიგებთ, კარგი იქნება. ამ სფეროზე ასეთი არაკომპეტენტურობით გამორჩეული გამოსვლა და კრიტიკია იმისა, რაც კარგად არ გესმით, არ შეგეფერებათ. უკეთესია, თუ ამ სფეროში ჩაიხედავთ, რაღაცას გაიგებთ და წაიკითხავთ. ეს კარგი იქნება თქვენთვის და, მინდა ვაღიარო, ჩვენთვისაც,, - განაცხადა გაბაშვილმა და ოპონენტებს განათლების სფეროში, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის დაძლევის საკითხში, წარმატება უსურვა.