10 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში საკონცერტო ვერსიით პირველად შესრულდება ქართველი კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის ბალეტი-პოემა "ფიროსმანი".
"ფიროსმანის" პრემიერას საზოგადოებას თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარუდგენს მისი ვაჟი, ცნობილი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი.
ალექსი მაჭავარიანმა ერთმოქმედებიან ბალეტ-პოემაზეP"ფიროსმანი" მუშაობა 1992 წელს დაასრულა. ლიბრეტოს ავტორად თავად კომპოზიტორი გვევლინება. "ფიროსმანი" დაიწერა პირდაპირ პარტიტურის სახით (კლავირი არ არსებობს). ბალეტ-პოემის მუსიკა საზრდოობს თბილისური ქალაქური ჰანგებით. ნაწარმოებში ნათლად შეიგრძნობა კომპოზიტორის ერთგვარი ნოსტალგია მისი ახალგაზრდობის პერიოდის შემოქმედებისადმი, რაც მკაფიოდ ვლინდება თხზულების მელოდიკაში, ჰარმონიაში. ამასთანავე, მთლიანობაში პარტიტურის მუსიკალური ენა ულტრათანამედროვეა, რაც ბალეტ-პოემა "ფიროსმანს" ძალზე საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის.
ბალეტი-პოემა "ფიროსმანი" დიდი მხატვრის ეპოქის თბილისის ხატებას აცოცხლებს. ნაწარმოების ქვესათაურია "ძველი თბილისის სურათები". კომპოზიტორს ასე აქვს დასათაურებული "ფიროსმანის" ნაწილები: შესავალი, "კარნავალი", "მეთევზეები", "მწვანე Fფერიები", "აღმოსავლური ფრესკა" (ყარაჩოხელის მონოლოგი), "მანდილოსნების ცეკვა", "ჩაკრულო", ცეკვა "ცერული", "ფიროსმანის არღანი", "ფიროსმანის ზმანება", "ფიროსმანის სიზმარი", ცეკვა "ციბრუტი~, "არღანი", "ფრანგი ბალერინა მარგარიტა სცენაზე", "ვაჟკაცების ცეკვა", "ფრანგი მოცეკვავე" (მარგარიტა), "ფიროსმანის სასოწარკვეთა".