უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებთან უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის 10-30 რაკეტის დროებით გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. კიევი მათ მოგვიანებით აშშ-ის 500 PAC-3 რაკეტისგან შემდგარი პაკეტის ხარჯზე დააბრუნებს.
ზელენსკიმ ამის შესახებ სტამბოლში უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„ამ ომის განმავლობაში, სხვადასხვა მოლაპარაკების ფარგლებში, რამდენჯერმე გამოგვიყენებია ასეთი სქემა, როდესაც რაკეტების პარტიებს ვცვლით.
ვცდი, ეს ზოგიერთ პარტნიორთანაც გავაკეთო: ვიდრე ეს 500-რაკეტის მომცველი პაკეტი ჩამოვა, შევძლებთ, სადმე, ვინმესგან 10, 20 ან 30 რაკეტა ავიღოთ, გავაფორმოთ შესაბამისი გარანტიები და შეთანხმებები, რომ შემდეგ ამერიკული პაკეტიდან გარკვეული პროცენტით ან, შესაძლოა, პროცენტის გარეშე დავაბრუნებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ასეთი სქემა უკრაინას პარტნიორების მარაგებიდან რაკეტების უფრო ადრე მიღების შესაძლებლობას მისცემდა, ვიდრე აშშ-ის მიწოდება დაიწყება.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ამერიკული შეთავაზების ფარგლებში რაკეტების მიწოდება წარმოების სპეციფიკისა და აშშ-ის მხრიდან საკუთარი მარაგებიდან რაკეტების გადაცემის შედარებით ნელი ტემპის გამო რამდენიმე წლით არის გადავადებული.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიწოდების ასეთი ტემპი უკრაინის მოქალაქეების სათანადო დაცვის უზრუნველყოფას ვერ შეძლებს. მისივე თქმით, ამჟამად საჰაერო თავდაცვის სისტემების მნიშვნელოვანი ნაწილი ახლო აღმოსავლეთშია განთავსებული.
„ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკის შეერთებული შტატების. ეს ძალიან კარგი შეთავაზებაა. რა თქმა უნდა, ამ შეთავაზების განსახორციელებლად თანხების მოძიებაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორების, პირველ რიგში კი ევროპელების დახმარებით, დაფინანსებას მოვიპოვებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა გააგრძელებს მუშაობას ევროპულ და სხვა ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში საჰაერო თავდაცვის საშუალებების მისაღებად, რადგან მხოლოდ ამერიკულ მიწოდებაზე დაყრდნობა საკმარისი არ არის.
აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიყიდვის შეთანხმება დაამტკიცა. ამის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ ტიპის რაკეტების მიწოდება შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოს.
ამასთან, „რადიო თავისუფლების“ ვაშინგტონის კორესპონდენტ ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი 500 ერთეული PAC-3 MSE ტიპის რაკეტის მიწოდება, რომლის ღირებულებაც 2.1 მილიარდი დოლარია, 2030 წლამდე მოსალოდნელი არ არის.