დღეს, 2 ივნისს, 20:00 საათზე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება ჩვენება სპექტაკლისა "ფეხმარდი. ცხენის ამბავი", ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით.
სპექტაკლი მიძღვნილია სახალხო არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის, თეატრისა და კინოს ლეგენდის ევგენი ლებედევის 95-წლისადმი. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და ინსცენირების ავტორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი. მთავარ როლებს ასრულებენ აპოლონ კუბლაშვილი, ვალერი ხარიუტჩენკო, ლუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილი, ლაშა გურგენიძე, ნინო კალატოზიშვილი, სანდრო მარგალიტაშვილი და სხვები.
სპექტაკლის პრემიერა შედგა 2012 წლის 22 აპრილს თბილისის ა.ს.გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის დიდ სცენაზე. ამ სპექტაკლით ალ.გრიბოედოვის თეატრი 166-ე სეზონს დახურავს. პროექტის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "რუსული კლუბი" და თბილისის ა.ს.გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი. 1940 წლიდან ევგენი ლებედევი მუშაობდა თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის წამყვან მსახიობად, ხოლო 1956 წლიდან - ლენინგრადის დიდ დრამატულ თეატრში (ახლანდელი გ.ტოვსტონოგოვის სახ. თეატრი). ძუსტად ამ თეატრის სცენაზე გამოჩენილმა ქართველმა რეჟისორმა გიორგი ტოვსტონოგოვმა 1975 წელს დადგა სპექტაკლი "ცხენის ამბავი", რომელშიც ფეხმარდის - მთავარი როლი - შეასრულა ევგენი ლებედევმა.