5-13 ივნისს მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში იმართება თეატრის ახალგაზრდა მოღვაწეების საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც ამერიკის, რუსუთის, მოლდოვეთის, უზბეკეთის, ლატვიის, უკრაინის, ლიტვის, აზერბაიჯანის, ბელარუსიის, ყირგიზეთის, სომხეთის დელეგაციებთან ერთად საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას (რეჟისორები, დრამატურგები, თეატრის კრიტიკოსები და თეატრის მხატვრები)
საერთაშორისო თეატრალურ ფორუმს კიშინოვში ორგანიზებას უწევს თეატრალური კავშირების საერთაშორისო კონფედერაცია და მოლდოვის თეატრალური საზოგადოება.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება თეატრის ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, მასტერკლასები თეატის კრიტიკოსებისა და დრამატურგებისათვის, ვორქშოპები ახალგაზრდა რეჟისორებისათვის. ფორუმის მიმდინარეობის მანძილზე ახალგაზრდა თეატრის კრიტიკოსები გამართავენ მრგვალ მაგიდებს, რომელთა თემა ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლები იქნება. ფორუმზე ასევე მიწვეულია ცამეტი მონაწილე ქვეყნის ახალგაზრდა დრამატურგები, რომლებიც ახალ პიესებს გააცნობენ ერთმანეთს.
საერთაშორისო თეატრალურ ფორუმს ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის დათა თავაძის სპექტაკლი "მახინჯი" გახსნის. სპექტაკლი საერთაშორისო ფორუმისთვის კონკურსის შედეგად შეირჩა, რომელიც 2011 წელს ჩატარდა. ქართულმა ჟიურიმ, რომელიც მხოლოდ კრიტიკოსებისაგან შედგებოდა, კონკურსში მონაწილე 15 ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის სპექტაკლიდან 5 საუკეთესო სპექტაკლი შეარჩია. საბოლოო შერჩევაში საერთაშორისო ჟიური ჩაერთო, რომელმაც საუკეთესო ხუთიდან მხოლოდ ერთი - დათა თავაძის სპექტაკლი "მახინჯი" გამოარჩია, რომელიც ქართველმა რეჟისორმა სამეფო უბნის თეატრში დადგა.
სპექტაკლში მონაწილეობენ ახალგაზრდა მსახიობები: პაატა ინაური, ნატუნა კახიძე, სოსო ხვედელიძე, ანა წერეთელი, გაგა შიშინაშვილი. სპექტაკლის მხატვარია მურაზ მურვანიძე.
ქართველი ახალგაზრდა კრიტიკოსებიდან საერთაშორისო თეატრალურ ფორუმზე მრგვალ მაგიდებში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები არიან თეატრმცოდნეები: ლაშა ჩხარტიშვილი და ნერონ აბულაძე. ქართველი კრიტიკოსები წაიკითხავენ მოხსენებას - თანამედროვე ქართული თეატრის აქტუალურ პრობლემებზე.
ქართული დელეგაცია კიშინიოვში 4 ივნისს გამთენიისას მიემგზავრება.