თურქეთში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად პოლიციამ ალ-ქაიდასთან კავშირში ეჭვმიტანილი 120 ადამიანი დააკავა.
დაკავებები კოორდინირებული რეიდის შედეგად, ქვეყნის 16 პროვინციაში განხორციელდა.
უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებულთა შორისაა ადამიანი, რომელსაც საუნივერსიტეტო ქალაქ ვანში ერთ-ერთ უმთავრეს გადამბირებლად მიიჩნევენ.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა სერდა ელბასი აიყვანეს, რომელიც თურქეთში ალ-ქაიდას ლიდერად მიიჩნევა. ასევე დაკავებულები არიან ამ ორგანიზაციის ადგილობრივი რგოლების ხელმძღვანელებიც.
რეიდები მას შემდეგ ჩატარდა, რაც პოლიციისთვის ხელმისაწვდომი გახდა ჩანაწერები, რომელშიც საუბარია თურქეთში ექსტრემისტების საქმიანობის შესახებ. რეიდებისას ჩატარებული ჩხრეკების დროს ამოღებულია იარაღი, ყალბი პირადობის მოწმობები და სხვადასხვა სახის სპეცფორმა.