იტალიის კუნძულ სიცილიაზე ვულკან ეტნას გააქტიურების შედეგად წარმოქმნილმა ვულკანურმა ფერფლმა კატანიის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების შეჩერება გამოიწვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აეროპორტის ოპერატორი კომპანიის, SAC-ის ინფორმაციით, 15 სექტემბერს კატანიის აეროპორტში ავიარეისები დროებით შეჩერდა. მიზეზი ეტნას კრატერებიდან ფერფლის ინტენსიური გამოყოფა და ვულკანის მიმდებარედ ორი საჰაერო სივრცის დახურვა გახდა.
იტალიის ვულკანოლოგიისა და გეოფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის ობსერვატორიამ ავიაციისთვის საფრთხის წითელი, უმაღლესი დონის გაფრთხილება გასცა.
საღამოს საჰაერო სივრცე კვლავ გაიხსნა და კატანიის აეროპორტმა ფრენების მიღება და გამგზავრება განაახლა. ამასთან, ეტნადან ფერფლის გამოყოფა კვლავ გრძელდებოდა, თუმცა შედარებით სუსტი ინტენსივობით. გაფრთხილების დონე წითლიდან ნარინჯისფრამდე შემცირდა.