ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსული ფრეგატის მიერ დანიის სამხედრო ვერტმფრენის მიმართულებით სასიგნალო რაკეტების გაშვებასა და ლიეტუვის საჰაერო სივრცეში გამანადგურებლების მიერ დრონის ჩამოგდებაზე კომენტარი გააკეთა.
ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა რუსეთის მხრიდან ისევ შეეჯახა „უგუნურ და სახიფათო ქმედებებს“ .
„რუსულმა სამხედრო ხომალდმა სასიგნალო რაკეტები დანიურ ვერტმფრენთან სახიფათოდ ახლოს გაუშვა. დრონი ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, რის შემდეგაც ის ნატო-ს გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს. ეს ცალკეული შემთხვევები არ არის. ის ევროპაში რუსეთის აგრესიისა და პროვოკაციების უფრო ფართო სქემის ნაწილია, რომლის მიზანიც ჩვენი მზადყოფნისა სიმტკიცის გამოცდაა“, - განაცხადა მან.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი დარწმუნდება, რომ ევროპის „გადაწყვეტილების სიმტკიცე მხოლოდ გაძლიერდება“.
„ნატო-სთან ერთად ვაძლიერებთ ჩვენს კოლექტიურ შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს. ასევე ვზრდით ზეწოლას რუსეთზე“, - დასძინა ფონ დერ ლაიენმა.
შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს ნატო-ს საპატრულო მისიის გამანადგურებლებმა ლიეტუვის თავზე ჩამოაგდეს დრონი, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
ამასთან, დანიამ რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა მას შემდეგ, რაც ორშაბათს რუსულმა ფრეგატმა დანიის სამხედრო ვერტმფრენის მიმართულებით ორი სასიგნალო რაკეტა გაუშვა.