აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გენერალურმა ინსპექტორმა ირანთან ომის შედეგად ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკისთვის მიყენებული ზარალის შესახებ პენტაგონის პირველი ოფიციალური ანგარიში გამოაქვეყნა. ამის შესახებ CNN წერს.
ანგარიშის თანახმად, ომის პირველ თვეებში ირანის იერიშებმა ასობით შენობა და ნაგებობა დააზიანა ან გაანადგურა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ქუვეითში, ბაჰრეინში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ერაყში, ომანში და იორდანიაში.
დოკუმენტი მოიცავს ომის პერიოდს 28 თებერვლიდან 30 ივნისამდე. ანგარიშში ასევე დადასტურებულია აშშ-ისთვის მნიშვნელოვანი ტიპის საბრძოლო მასალის მარაგების დეფიციტი.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ირანის დარტყმებმა რეგიონში აშშ-ის არმიის მოქმედების ტრადიციულ მეთოდებში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ პერსონალი, რესურსები და საწყობები გადაანაწილა, რადგან ისინი ირანისა და მისი მოკავშირე ძალების თავდასხმების სამიზნე გახდნენ.
ანგარიშის თანახმად, მიღებულ ზომებს შორის იყო აშშ-ის არმიის სამედიცინო ევაკუაციის ვერტმფრენების ერაყიდან და ქუვეითიდან გაყვანა, რის გამოც „სამედიცინო ევაკუაციების უმეტესობა სახმელეთო ტრანსპორტით ხორციელდებოდა და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებში სრულდებოდა“.
ამასთან, ბაჰრეინში აშშ-ის საზღვაო ძალების რეგიონული ცენტრის განადგურებამ „მნიშვნელოვანი სირთულეები“ შექმნა შესაბამისი სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და მომარაგების პორტების მოწყობის მიმართულებით. აშშ-ის საზღვაო ძალების მოვალეობის შემსრულებელი მდივნის, ჰუნგ კაოს განცხადებით, ირანმა ცენტრი ცოტა ხნის წინ „ნაფლეთებად აქცია“.
„ამის შედეგად ინდოეთის ოკეანეში მდებარე, იზოლირებული კუნძული დიეგო-გარსია საზღვაო ლოგისტიკის ცენტრად იქცა, რამაც მარაგების შევსების ციკლი 14-18 დღემდე გაახანგრძლივა“, - ნათქვამია მასალაში.
ამის გამო მიწოდების პერიოდულმა დეფიციტმა და რეგიონული სამხედრო საფოსტო სისტემის მუშაობაში შეფერხებებმა კიდევ უფრო გაართულა იმ ამერიკელი სამხედრო მეზღვაურების მდგომარეობა, რომლებიც სპარსეთის ყურეში რეკორდულად ხანგრძლივი მისიებით იმყოფებოდნენ. მათი ამოცანა ირანზე საჰაერო იერიშების მხარდაჭერა და ბოლო თვეებში ირანის პორტების ბლოკადის უზრუნველყოფა იყო.
ანგარიშის თანახმად, ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის დიპლომატიური ობიექტებისთვის მიყენებული ზარალი დაახლოებით 184 მილიონ დოლარს შეადგენს.