ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, შესაძლოა, შენგენის ზონაში რუსი დიპლომატების გადაადგილებაზე კონტროლი გაამკაცრონ, ყოფილი რუსი მებრძოლებისთვის ვიზების გაცემა აკრძალონ და რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების რაოდენობა შეამცირონ.
ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
კალასმა აღნიშნა, რომ უნგრეთმა ცოტა ხნის წინ 10 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ამასთან, ევროკავშირმა რუსეთის დიპლომატიური მისიის წევრთა რაოდენობაც შეზღუდა.
„კიდევ უფრო გადამწყვეტი მოქმედების შესაძლებლობა გვაქვს. შეგვიძლია კიდევ უფრო გავამკაცროთ შენგენის ზონაში რუსი დიპლომატების გადაადგილებაზე კონტროლი და ყოფილ რუს მებრძოლებს ვიზების გაცემა ავუკრძალოთ. ასევე უნდა გადავხედოთ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის პრაქტიკას. უნდა შევამციროთ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ევროპულ ტერიტორიაზე თავდასხმებს ახორციელებენ“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
კალასმა ასევე აღნიშნა რუსეთის დაფინანსების წყაროების შეზღუდვის მნიშვნელობა. მისი თქმით, ევროკავშირის სანქციებმა რუსეთის ეკონომიკას უკვე 1 ტრილიონი ევრო დააკარგვინა.
„ახლა ვასრულებთ მუშაობას სანქციების დღეისთვის პირთა ყველაზე დიდი სიაზე. ასევე თანმიმდევრულად ვანადგურებთ „ჩრდილოვან ფლოტს“. საეჭვო გემების შემოწმებაში ევროკავშირის საზღვაო ოპერაციები წამყვან როლს ასრულებს“, - განაცხადა კალასმა.