პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის შეფასებით, ლავროვის გაღიზიანება არის საუკეთესო დადასტურება იმისა, რომ საქართველოს მიერ არჩეული გზა და კურსი არის სწორი. ამის შესახებ ბაქრაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მიერ ნატოს წევრობის კანდიდატის სტატუსის შენარჩუნება, ოფიციალური მოსკოვის გაოგნებას იწვევს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს არა მხოლოდ გადაეხვია ევროატლანტიკური კურსისთვის, არამედ ზოგადად აღარ ეარსება როგორც თავისუფალ სახელმწიფოს.
"ჩემთვის სრულიად გასაგებია ლავროვის ემოციები, რომელიც იმდენად გაღიზიანებული და იმედგაცრუებულია, რომ საჯაროდაც კი ვერ შეძლო თავი შეეკავებინა და არ დაეფიქისრებინა იმედგაცრუება. სწორედ ეს არის იმის ნიშანია, რომ გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება, ნატოში ინტერგაცია და რომ კურსი რომელიც აქვს საქართველოს არის წარმატებული", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი თქმით, შეიძლება ითქვას, რომ ერთ მხარეს არის რუსეთი - ქვეყანა, რომელიც აგრძელებს ოკუპაციას და მეორე მხარეს - მთელი დემოკრატიული ცივილიზებული სამყარო, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
"თავისთავად ის ფაქტი, რომ რუსეთი ამ ხარისხით არის იზოლირებული საერთაშორისო ურთიერთობებში და ის ფაქტი, რომ რუსეთს ყველა მნიშვნელოვან ფორმატში და ფორუმზე თავის მართლება უწევს, განაპირობებს ბატონი ლავროვის გაღიზიანებას და სწორედ ეს არის საუკეთესო დადასტურება იმისა, რომ საქართველოს მიერ არჩეული გზა და კურსი არის სწორი", - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
"პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვაშინგტონში ყოფნისას განაცხადა, რომ მიაღწია სრული სამხედრო მომარაგების აღდგენას და მიიღო დაპირება ნატო-ში აუცილებელ მიღებაზე. ეს ადამიანი ავანტიურისტია და მის გამო, სამხრეთ კავკასიაში მორიგი დესტაბილიზაცია არ გვინდა", - განაცხადა ლავროვმა.