ფილიპინებში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებს ყველა ბრალდება მოუხსნეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ მიაწოდა.
"ფილიპინების მხარემ 15 იანვარს, საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს ყველა ბრალდება მოუხსნა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეზღვაურები სამშობლოში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდნენ", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, მეზღვაურების საქართველოში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ, როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური საკითხების მოგვარებას საგარეო უწყება საკუთარ თავზე აიღებს.
შეგახსენებთ, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 13 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, ფილიპინებში 15 აგვისტოს დააკავეს.