ფონდ "იავნანას" საქველმოქმედო ტელემარათონი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში 3 მარტს, 22:00 საათზე გაიმართება.
ფონდ "იავნანას" სამხატვრო ხელმძღვანელის, თეონა ჯორბენაძის ცნობით საღამოზე ახალგაზრდა ქართველ მომღერლებთან ერთად, მსმენელი პირველად იხილავს ნიუ-იორკში მოღვაწე კომპოზიტორს, მომღერალსა და ჟურნალისტს თინათინ ჯაფარიძეს, რომლის ნაწარმოები - "ნუთუ ეს მართალია" "ევროვიზიაზე" გაჟღერებულ საუკეთესო მუსიკალურ ნაწარმოებთა ათეულშია შესული.
მისივე ინფორმაციით, თინათინის სიმღერებს უახლოეს მომავალში სელინ დიონი და ბარბარა სტრეიზანდი შეასრულებენ.
კონცერტში მონაწილეობისთვის, საპატიო სტუმრის სტატუსით, ორი დღით თბილისს მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი, კატია რიჩარელი ეწვევა.
საქველმოქმედო კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარსდგებიან პაატა ბურჭულაძე, დათო ევგენიძე, რომა რცხილაძე, ნიაზ დიასამიძე, ნინო ქათამაძე, თათუზა ყურაშვილი, თინათინ ჯაფარიძე, მარიკო ებრალიძე, გიგი დედალამაზიშვილი, ლევან კბილაშვილი, სოფო ხალვაში, სოფო გელოვანი, "ანაბანას" გუნდი, სალომე ბაკურაძე, გიორგი სუხიტაშვილი, თიკა მახალდიანი, ნოდიკო ტატიშვილი და პაპუნა შარიქაძე.
საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრს, ნიკოლოზ რაჭველი და ზვიად ბოლქვაძე უდირიჟორებენ.
მარათონის მსვლელობისას ჩართული იქნება "იავნანას" ტელეფონი. ცნობისთვის, ნომერი უვე ათციფრიანია: 0901-30-30-30. კონცერტის დასასრულს სახლის გასაღები გადაეცემა სოციალურად დაუცველ ორ მრავალშვილიან ოჯახს.
როგორც ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, 3 მარტის საღამოს არაერთ ბავშვს აუხდება ნატვრა, რომელიც ფონდ "იავნანას" წერილის სახით გამოუგზავნა.
ყველა ეს წერილი 22 თებერვლიდან ფონდ "იავნანას" საიტზე გამოქვეყნდება და ყველა ადამიანს შეეძლება შემოწირულობის გაღება და აქციაში მონაწილეობა.
მაყურებელს შესაძლებლობა ექნება შემოსული ზარებით დაეხმაროს აგვისტოს ომის დროს დაობლებულ ბავშვებს და ნიჭიერ სტუდენდებს, რომელთაც სწავლის საფასურის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნიათ.
პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.