საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისია "მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების" შესახებ კანონში პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს დადებითად აფასებს.
როგორც დღევანდელ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მინაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უმრავლესობა გაითვალისწინა.
"პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას დაკავშირებით ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ "ეს ცვლილებათა პროექტი მიზნად ისახავს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მოწესრიგებას და საუკეთესო პარტიების წახალისებას, ასევე პოლიტიკური პარტიების შიდა დემოკრატიის გაძლიერებას მოქალაქეთა თვალში". ამასთან, დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული ცვლილება ასევ ხელს უწყობს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეთა წახალისებას, გამჭირვალობას, თანასწორუფლებიანობას და სხვ.", - აღნიშნა მინაშვილმა.
მისივე თქმით, კანონპროექტებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხზე მუშაობა კვლავ გრძელდება და პირველ რიგში ეს შეეხება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და დავების განხილვის საკითხებს.
"ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და იმ პრინციპებს, რომელიც ევროპაში არის დამკვიდრებული", - მიაჩნია მინაშვილს.