საქართველო ევროპული ქვეყანაა და შეუძლია გახდეს ევროკავშირის წევრი. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტმა ვილფრიდ მარტენსმა "ერთიან ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ყოფნით ის თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, რადგან საქართველო ევროპული ქვეყანაა. როგორც მარტენსმა მმართველი პარტიასთან შეხვედრისას განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს.
"სწორი მიმართულებით სვლას სჭირდება ის, რომ ქვეყანა კარგად უნდა მართო. საქართველოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მამოძრავებელი ძალაა. მათ გაიმარჯვეს ადგილობრივ არჩევნებში. როდესაც ვხედავ იმ შთამბეჭდავ რეფორმებს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა გაატარეს ამ შესანიშნავ ქვეყანაში, დემოკრატიის, პოლიციის და სამართლებრივი სისტემის სფეროებში, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს მოძრაობა გაიმარჯვებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც", - განაცხადა მარტენსმა.
მან გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომიც და აღნიშნა, რომ რუსეთის შემოჭრა საქართველოში საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი ჩარევის შემდეგ შეჩერდა.
"მინდა გავიხსენო რა პრობლემები შეექმნა საქართველოს 2008 წლის აგვისტოში. რუსეთის შემოჭრა შეჩერდა საერთაშორისო და პირადად ნიკოლა სარკოზის ძლიერი ჩარევის შედეგად. "ევროპის სახალხო პარტია" ყოველთვის გამოხატავდა სოლიდარობას ქართველი მეგობრების მიმართ,. ჩვენი პარტია პირველი იყო ვინც დაგმო პოსტკონლიქტური სიტუაცია. ზუსტად აღვწერეთ ის ვითარება, რომელიც საქართველოში მაშინ არსებობდა. "ევროპის სახალხო პარტია" პირველი იყო ვინც საქართველოს ტერიტორიაზე რუსი ჯარების ყოფნა უკანონოდ შეაფასა და მათი გაყვანა მოითხოვა. "ევროპის სახალხო პარტია" პირველი იყო ვინც დაგმო საქართველოს ეთნიკური წმენდა იმ ორ რეგიონში, რომელიც მას წაართვეს. მინდა დიდი სიხარულით განვაცხადო, რომ 4 კვირის წინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია და დაგმო ეს სიტუაცია საკმაოდ მკაცრი ტერმინოლოგიით", - აღნიშნა მარტენსმა.
მარტენსმა ისაუბრა არაბულ გაზაფხულზეც და განაცხადა, რომ რუსეთშიც აუცილებელია დაიწყოს დემოკრატიული პროცესები.
"გუშინ არაბული გაზაფხულის დაწყების ერთი წლისთავი შესრულდა. მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ დემოკრატიული მოძრაობა უახლოეს მომავალში რუსეთშიც იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც ჩრდილოაფრიკაში იყო", - აღნიშნა მარტენსმა.
მარტენსი საქართველოს დღეს ეწვია და ხვალ დატოვებს.